მთავარი » ფაილები » წიგნები

გალაქტიონ ტაბიძე
05.05.2009, 17:08

  ტაბიძე გალაკტიონ ვასილის ძე, 5 (17). XI. 1891 ან 6 (18). XI. 1892, სოფ. ჭყვიში, ახლანდელი ვანის რ-ნი - 17. III. 1959, თბილისი. ქართველი პოეტი, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944). დაიბადა კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში. 1900 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1908 წლიდან - თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910 – 1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. გ. ტაბიძე არის ჟურნალ ”მნათობის” ერთ-ერთი დამაარსებელი (1924). გ. ტაბიძის შემოქმედება XX საუკუნის 10-იანი წლებიდან იწყება. 1914 წელს გამოქვეყნებულმა კრებულმა ”ლექსები” და განსაკუთრებით 1919 წელს გამოცემულმა ”არტისტულმა ყვავილებმა” მას საყოველთაო აღიარება,”გენიალური გალაკტიონისა” და ”პოეტების მეფის” სახელი მოუტანა. ”მე და ღამემ”, ”მთაწმინდის მთვარემ”, ”მერიმ” მკითხველს წარუდგინა სრულიად ახლებური პოეტური სამყარო, ქართული ბგერის დიდებული კეთილხმოვანება და სიტყვის მოქნილობა. ასევე საოცარი სინთეზით წარმოდგა ჩვეული ლირიული სინატიფე და რევოლუციურ-სოციალური გარდაქმნების შესატყვისი მგზნებარება მის ზოგიერთ ქმნილებაში (”პროლოგი 100 ლექსისა”; ”არხევს ახალი სიცოცხლის აკვანს”). ეს იყო რომანტიული სამყარო, სადაც პოეტმა მინიშნებების, ნიუანსებისა და ასოციაციების საშუალებით იშვიათი უშუალობითა და სილამაზით აამეტყველა თავისი დროის ადამიანის ყველაზე ფაქიზი განცდები. ცალკე უნდა აღინიშნოს ლექსთა კრებული ”ეპოქა” (1928), რომელშიც რევოლუციის შუაგულში მდგარი გმირის განცდებია გადმოცემული. 40-იანი წლებიდან გალაკტიონი აქვეყნებს ლექსებს: ”ლურჯა ცხენები”; ”მთაწმინდის მთვარე”, ”პოეზია უპირველეს ყოვლისა”, ”ნიკორწმინდა” და სხვ., რომლებშიც რეალობის სფეროში სიკეთის, მშვენიერების და ჰარმონიის მიკვლევაა გადმოცემული. მის პოეზიაში დამკვიდრდა რევოლუციური რომანტიკა (”დროშები ჩქარა”; ”წერილი მეგობრებისადმი” და სხვ.). მის თითქმის ყველა ლექსს უაღრესად დახვეწილი მელოდიურობა, აუხსნელი მუსიკალურობა, რითმის ბუნება, ლექსიკა და ფრაზის წყობა ახასიათებს. გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება რამდენიმე ათეული წელია გადაულახავ მწვერვალად დგას თანამედროვე ქართულ პოეზიაში. მისი ავტორიტეტი დღესაც ბატონობს და გადაუჭრელ ამოცანად რჩება ქართული ლექსის თვისობრივად ახალ, მის ლექსთან შედარებით უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა. მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე. თხზ.: თხზულებანი, ტ. 1- 8, თბ., 1937 – 1957; თხზულებანი თორმეტ ტომად, თბ., 1966 – 1975; ლექსები, თბ., 1927; რჩეული, თბ., 1977; რჩეული ლირიკა ორ წიგნად, თბ., 1971.

კატეგორია: წიგნები | დაამატა: gamura
ნანახია: 1868 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 giorgi  
0
dzalian kargi saitia gilocavt. saintereso wigrebia. tu sheidzleba galaqtion tabidzis upro meti leqsebi dadedt saitze.

სახელი *:
Email *:
კოდი *: